Thursday, September 29, 2016

მაცუო ბასიო

მაცუო ბასიო (მეორე ფსევდონიმი მუნეფუსა; ნამდვილი სახელი ძინსიტირო) (დ. 1644 ― გ. 12 ოქტომბერი, 1694, ოსაკა), იაპონელი პოეტი. წარმოშობით სამურაი. 1672-იდან სახელმწიფო სამსახურს ეწეოდა ედოში(ახლანდელი ტოკიო). სამსახურის მიტოვების შემდეგ ის შეუდგა თავისი წოდებისათვის „შეუფერებელ“ საქმიანობას – პოეზიის სწავლებას. მაცუო ბუდიზმის მიმდევარი იყო. ბერადაც აღიკვეცა. განიცადა ძენის მოძღვრების გავლენა, რომლის არსი „თვითჭვრეტასა“ და „ბუნების ჭვრეტაში“ მდგომარეობს. ამიტომ მაცუოს ბევრ ლექსს დაფარული ქვეტექსტი აქვს. მაცუოს ეკუთვნის ლირიკული დღიურები, რამდენიმე ათეული რენგა („წყობილი ლექსები“) და მრავალი უბადლო ჰაიკუ. მისი ლექსები შესულია ანთოლოგიაში „მაიმუნის ჩალის ლაბადა“ (1690) და სხვა. მაცუომ შექმნა სამსტრიქონიანი ლექსის (ჰაიკუ) პოეტიკა. დაუშვებლად მიაჩნდა ჰაიკუში ორზე მეტი დეტალის შეტანა; დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლექსის ფერწერულ და ბგერით ჰარმონიას. „ბასიოს სტილი“ 200 წელზე მეტხანს ბატონობდა იაპონიაში.


ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს. . .

“ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ..

ბებო ბრინჯს ცეხავს

ბებო ბრინჯს ცეხავს,
იქვე კი _ ნიშნად დღეგრძელობისა _
მთელი სისავსით ყვავილობენ ქრიზანთემები..

ვუცქერ, მიხარის

ვუცქერ, მიხარის:
ამაღამ თოვლად გადიქცევა
ზამთრის ეს წვიმა..

უკვე ჩამოდგა შემოდგომა

“უკვე ჩამოდგა შემოდგომა” _
მითხრა ჩურჩულით
ჩემს სასთუმალთან ფეხაკრეფით მოსულმა ქარმა..

დაფრინდა იხვი

დაფრინდა იხვი,
ფრთათა საკაბე მოიფარა
შიშველ წვივებზე.



ჰაიკუები

* * *
ალუბლის თვალწინ
ღრუბლის კვამლში
ჩაიძირა ეული მთვარე.

* * *
ხეობაში,
კლდის ზღურბლთა შორის
მოკრძალებულად წევს კამელია.

* * *
ფუძის ნიავო,
ძვირფას ქვასავით
მარაოთი წაგიღებ სახლში.

* * *
ცოტასაც ვივლი
და შევისვენებ,
შორეული ღრუბლების მიღმა.

* * *
შემოდგომის ქარში,
შიშველ თოკზე,
მარტოსული ყორანი იჯდა.

* * *
ისე მძიმეა ღამის ხალათი,
მეჩვენება, რომ სხვა სამყაროდან
ცას თოვლი სცვივა.

...

ადამიანიების ცხოვრებაში ხშირად დგება ისეთი მომენტები, როდესაც სიცოცხლე გბეზრდება . როდესაც ცხოვრება შენთვის აზრს კარგავს და ყველაფერი კარგი რაც მომხდარა შენს ცხოვრებაში გავიწყდება და მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთაც შენში ცუდი ზეგავლენა იქონიეს, ფიქრობ რომ ამ სამყაროში შენი ადგილი არ არის, გგონია რომ არცერთ ადამიანს შენი არ ესმის და დედამიწაზე ერთადერთი ხარ ასეთ მდგომარეობაში. 

  ხშირად ამგვარ ფსიქოლოგიურ დარტყმას, მოზარდები ( კონკრეტულად გარდატეხის ასაკში მყოფნი ) განიცდიან, ვერ უძლებენ და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებენ. ამაზე არაერთი გამოკვლევა ჩატარებულა ფსიქოლოგების მიერ, თუმცა ჯერ ზუსტ პასუხს ვერ იძლევიან თუ რატომ ხდება ცხოვრება მოსაწყენი ზოგიერთ მომენტში.
  ეს ფაქტი ჯერ კიდევ XII საუკუნეში აქვს აღწერილი - ფსიქოლოგს, ბოტანიკოსს, პოეტს, საზოგადო მოღვაწესა და უდიდეს მეცენატს (ეს რათქმაუნდა ხუმრობით, თუმცა ამ დახასიათებაში სიმართლის მარცვალიც არის, რადგან ყველა ჩემს ზევით ნახსენებ მიმდინარეობას  ეხება მესხი მელექსე თავის ნაწარმოებში.) შოთა რუსთაველს . მან ძალიან კარგი სიტყვათა შეთანხმება  გამოიყენა  ამ ფსიქოლოგიური მომენტის აღსაწერად. როდესაც დავარი თავს მოიკლავს, შოთა წერს, რომ : ,,დავარისათვის სიცოცხლე გასაწყინარდა." აქამდე ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სულ რაღაც ორიოდე დღის წინ მსოფლიო ლიტერატურის ლექტორმა გაგვაცნო შოთა რუსთაველის ეს გენიალური გამოთქმა, რომელიც ძალიან მომეწონა და მინდა რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს (თუმცა ამას ჩემი ბლოგიდან ვერ გაიგებენ რადგად მკითხველი არ მყავს) .
  მართლაც, ადამიანისთვის ხანდახან სიცოცხლე საწყინარდება, მაგრამ ჩვენ ადამიანებს გვაქვს იმდენი შესაძლებლობა, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, რომ ისე ვიცხოვროთ როგორც იქნება ჩვენთვის მისაღები და სასიამოვნო. უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი , რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ , ძილის წინ ვიღაც ჩვენზე ფიქრობს და ჩვენი არარსებობის შემთხვევაში ისინი ვერ იქნებოდნენ ისეთი ბედნიერები როგორებიც ჩვენთან ერთად არიან.